კეთილი სამარიტელის პრინციპი: შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გერმანიისა და საქართველოს მაგალითზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის კონტექსტში

Main Article Content

იოსებ გაბარაევი

ანოტაცია

,,კეთილი სამარიტელის პრინციპი“ (Good Samaritan principle) წარმოადგენს სამართლებრივ და ეთიკურ კატეგორიას, რომელიც ამკვიდრებს ინდივიდის ვალდებულებას – დაეხმაროს სხვა ადამიანს სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში, თუკი ეს შესაძლებელია საკუთარი უსაფრთხოების დაცვის და მნიშვნელოვანი საფრთხის მიყენების გარეშე. ეს პრინციპი ისტორიულად ეფუძნება ბიბლიურ და ჰუმანისტურ ტრადიციას, თუმცა თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში „კეთილი სამარიტელის“ წესების სახელით მოიხსენიება საერთო სამართლის ქვეყნების სამართალში  და იგი გარდაიქმნა ნორმატიულ მოთხოვნილებად.


წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს კეთილი სამარიტელის პრინციპის სამართლებრივი და ეთიკური ანალიზს გერმანიისა და საქართველოს მაგალითზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. კვლევა ეფუძნება შედარებით სამართლებრივ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს ეროვნული სამართლის ნორმატიულ საფუძვლებს, ევროპული სამართლის პოზიტიურ ვალდებულებებს და საერთაშორისო ეთიკის პრინციპებს.


გერმანიის სამართლებრივ სისტემაში კეთილი სამარიტელის ვალდებულება მკაფიოდ რეგულირდება სისხლის სამართალში (§323c StGB), გერმანული მოდელი აღიარებს ინდივიდის პოზიტიურ მოვალეობას თანამემამულის დასახმარებლად. ამ ნორმის დარღვევა განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად.


საქართველოს სამართლებრივ სისტემაში კეთილი სამარიტელის პრინციპი მხოლოდ ირიბად არის ასახული — სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით. შედეგად, პრაქტიკაში შეინიშნება სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც ართულებს პასუხისმგებლობის განსაზღვრას.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., Osman v. United KingdomBudayeva v. RussiaAl-Skeini v. United Kingdom) მკაფიოდ ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სიცოცხლის დასაცავად. ამ პრეცედენტებით ჩამოყალიბდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლების მოვალეობაა დროულად და ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება სიცოცხლისათვის საშიშ ვითარებებზე.


დასკვნის სახით ნაშრომში განმარტებულია, რომ კეთილი სამარიტელის პრინციპის სამართლებრივი გაძლიერება საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის სიცოცხლის დაცვის ეფექტურობის გაძლიერებას. გერმანიის, ისევე როგორც ევროკაშირის სხვა აქ განხილული ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნორმის მკაფიო სამართლებრივი ფორმულირება აამაღლებს როგორც ინსტიტუციურ ნდობას, ისე მოქალაქის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.

საკვანძო სიტყვები:
კეთილი სამარიტელის პრინციპი, სიცოცხლის უფლება, დაზარალებულის დაცვის ვალდებულება, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება სიცოცხლის დაცვის სფეროში
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles