აშშ-ის საგარეო დახმარების ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროგრამები საქართველოში 1990-2020 წლებში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიის ინტერესის საგანს 1990-2020 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ გაწეულ საგარეო დახმარების მოცულობის, დინამიკის, მიზნების, ინტერესებისა და შედეგების ანალიზი წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ გაწეული საგარეო დახმარება სათანადოდ არ არის შესწავლილი; როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო წყაროებში ინფორმაცია არის შეზღუდული და გაფანტული; კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წყაროებში არსებული ინფორმაცია წარმოდგენას გვაძლევს დახმარების მოცულობაზე, მის დინამიკასა და სხვა ქვეყნებთან იმავე მონაცემების შედარებაზე. შესაბამისად, ის გვთავაზობს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს და არა - მის ანალიზს. შესაბამისად, დაინტერესებული პირებისთვის და მომავალი მკვლევარებისთვის სათანადო ინფორმაციის, ცოდნის და ანალიზის ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად ღია წყაროებში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, საჯარო უწყებების ვებ-გვერდებსა და მედია-საშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეფუძნება. ასევე, გამოყენებული მაქვს ინტერვიუები შეერთებული შტატების განვითარების პროგრამებში მონაწილე პირებთან.
აშშ-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საგარეო დახმარება უახლესი ისტორიის ნაწილია. კონკრეტული პროგრამების დაგეგმვასა და იმპლამენტაციაში ჩართული ადამიანები ამა თუ იმ ფორმით დღესაც აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის განვითარების საქმეში. ამიტომ მათგან, როგორც პირველწყაროდან, მიღებული ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სტატიის წერის დროს ენერგეტიკის პროგრამების შესახებ ვესაუბრე მურმან მარგველაშვილს (ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, 1994 წლიდან მუშაობდა USAID-ის ენერგეტიკის სხვადასხვა პროექტში); ხოლო აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ინტერვიუ ჩავწერე მიხეილ დარჩიაშვილთან (საგარეო ურთიერთობების სპეციალისტთან და დიპლომატთან).
სტატიის მიზანია აშშ-ის მიერ საქართველოს მიმართ გაწეული ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ანალიზი. ვინაიდან აშშ-მა საქართველოს განვითარების მიმართ მხარდაჭერა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო, კვლევის პერიოდად აღებული მაქვს 1990-2020 წლები, თუმცა პროგრამების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ზოგ შემთხვევაში 2023 წლამდე პერიოდსაც ეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს აშშ-ის საგარეო დახმარების არქიტექტურა ძირეულად შეიცვალა, რაც განპირობებულია აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკით. პრეზიდენტმა დახურა აშშ-ის საერთშორისო დახმარების სააგენტო და მიმდინარე დახმარების პროგრამები გააუქმა, რამაც საერთაშორისო დახმარების ინდუსტრიაში ქაოსი და გაუგებრობა შექმნა. ამიტომ, ვფიქრობ რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა, განსაკუთრებით ამ ბუნდოვანების პერიოდში, აქტუალურია, ერთის მხრივ, რომ არ დაიკარგოს ინფორმაცია და ცოდნა და, მეორეს მხრივ, რომ უკეთ მოვემზადოთ აშშ-ის საერთაშორისო დახმარების ახალი ეტაპისათვის.