სეპარატიზმი კატალონიაში: რას გვასწავლის იგი?
Main Article Content
ანოტაცია
ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ერთა თვითგამორკვევის იდეამ პოპულარობა კვლავ შეიძინა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიბერალური დემოკრატიის განმტკიცებასთან ერთად, სეპარატისტული, გამოყოფის მომხრე ძალების გაძლიერებაც თვალსაჩინო გახდა.
ბოლო წლებია მსოფლიოს ყურადღება ესპანეთისკენაა მიპყრობილი, სადაც კატალონია დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს. 2017 წლის 1 ოქტომბრის არაკანონიერ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 43% მიიღო, რომლის 92%-მა კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. კატალონიის ავტონომიური პარლამენტის მმართველი კოალიციის მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცესების დაწყების საპასუხოდ, ესპანეთის სენატმა მხარი დაუჭირა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რომლის საფუძველზეც ესპანეთის პრემიერ მინისტრმა გაათავისუფლა თანამდებობიდან კატალონიის პრეზიდენტი, მთავრობა, დაითხოვა კატალონიის ავტონომიური პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
მოცემული სტატიის მიზანია დადგინდეს რა ისტორიულმა, კულტურულმა თუ სხვა ფაქტორებმა შეუწყო ხელი პროცესების ამგვარ განვითარებას. პერიოდების მიხედვით განსხვავებული იყო ის მეთოდები და საშუალებები, რამაც, საბოლოო ჯამში, სეპარატიზმი წაახალისა. თავიდან კატალონიელები ავტონომიური უფლებების აღდგენას ითხოვდნენ. ესპანეთის პირველ რესპუბლიკას (1873-74) 2 კატალონიელი პოლიტიკოსი უძღვებოდა და მათგან გაჟღერდა კონფედერაციის შექმნის საკითხი. მეორე რესპუბლიკის არსებობის ბოლო წლებში, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ქვეყნის რესპუბლიკური ცენტრი ბარსელონა იყო - კატალონიის პრეზიდენტი ლუის კომპანსი აქტიურად იბრძოდა ნაციონალისტების წინააღმდეგ რესპუბლიკური ესპანეთის
დასაცავად. ფრანკოს დიქტატურის შემდგომ, 23 წლის განმავლობაში კატალონიის ავტონომიური ოლქის პრეზიდენტი ჟორდი პუჟოლი ნაციონალისტურ პოლიტიკას ახორციელებდა. 2010 წლიდან მეთოდები შეიცვალა - 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული არაკანონიერი რეფერენდუმი, შემდგომ კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ყველაზე უკიდურესი ნაბიჯი იყო, რაც სეპარატისტულმა ძალებმა გადადგეს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კატალონია, ესპანეთის რეგიონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მდიდარი და მოწინავე მხარეა. სეპარატისტული მოძრაობების ერთ- ერთ მთავარ ლოზუნგად იქცა ფრაზა „ესპანეთი ჩვენ გვძარცვავს“ - ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ ესპანეთის ცენტრალური მთავრობა უფრო მეტ ფინანსებს იღებს კატალონიისგან, ვიდრე უბრუნებს, სხვაობას კი ნაკლებად განვითარებული რეგიონებისკენ მიმართავს. ასეთი ბრალდებების მთავარი გამხმოვანებლები ხშირად კატალონიის მაღალი თანამდებობების მქონე პირები და მძლავრი სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერები არიან. ერთიანობაში ეს ადამიანები ელიტას ქმნიან, რომლებიც წლების განმავლობაში ეფექტიანად ახდენენ მომხრეთა მობილიზაციას, რათა სასურველი გზავნილები მიაწოდონ როგორც ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.