ონლაინ გაყიდვები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები (საქართველოს მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ონლაინ გაყიდვების ძლიერი და სუსტი მხარეები. მოცემული საკითხი გაშლილია ქართული ბაზრის მაგალითზე და მასში აღწერილია ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს გააჩნიათ ამ ეტაპზე.
ონლაინ გაყიდვების განხილვა ნაშრომში მოცემულია ერთიანი სისტემის საფუძველზე, რომელიც მოიცავს საკითხების ორ ჯგუფს. პირველი ჯგუფი არის ონლაინ გაყიდვების გავლენა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რეაგირების დრო, პროდუქტის მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომობა, მომხმარებლის დამოკიდებულება (გამოცდილება), პროდუქტის ბაზარზე გამოტანის დრო, შეკვეთის ხილვადობა, პროდუქტის უკან დაბრუნების უნარი, პირდაპირი გაყიდვები და მოქნილი ფასების შეთავაზება. მეორე ჯგუფი - ონლაინ გაყიდვების გავლენა კომპანიის დანახარჯებზე და ის შედგება შემდეგი საკითხებისაგან: მარაგები, შენობა-ნაგებობები (ობიექტები), ტრანსპორტირება და ინფორმაციის მართვა.
ნაშრომის მეორე ნაწილში განხილულია ქართულ ბაზარზე მოქმედი ონლაინ მაღაზია ,,ველი სთორის“ საქმიანობა. მოცემულია მისი საოპერაციო მოქმედებების ძირითადი ეტაპები. აქვე ცხრილის სახით შეფასებულია ველი სთორის ოპერაციები ზემოაღნიშნული ერთიანი სისტემის საფუძველზე. ცალკე გამოყოფილია ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იმყოფება მოცემული კომპანია და ზოგადად ქართული ბაზრის ადგილობრივი ონლაინ კომპანიები.
დასკვნით ნაწილში შეჯერებულია განხილული საკითხები და გაჟღერებულია ის ძირითადი თეზისები, რომელთა წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში ადგილობრივი ონლაინ მაღაზიები შეძლებენ საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მოცემულ ინდუსტრიაში უცხოური კომპანიებისათვის სათანადო კონკურენციის გაწევას.