მსხვრევადი და არშემდგარი სახელმწიფოების ნეგატიური გავლენა მსოფლიო წესრიგზე
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომში განხილულია მსხვრევადი და არშემდგარი სახელმწიფოები, რომლებიც გამოირჩევიან იდენტური სისტემური მოწყვლადობით, სუსტი მმართველობით და არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ფონით. ზოგადად, ტერმინი „მყიფე სახელმწიფოები“ ეხება ქვეყნებს, რომლებიც ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა სუსტი სახელისუფლებო ინსტიტუტები, პოლიტიკურად არასტაბილური გარემო და სიღარიბის მაღალი დონე. ასეთი სახელმწიფოები ერთი მხრივ, ვერ უზრუნველყოფენ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიც არის: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ქვეყნის ტერიტორიის სრული კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ - ნეგატიურად ზემოქმედებენ მსოფლიო წესრიგზე, რაც საბოლოო ჯამში ექსტრემიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის ხელშეწყობას, ქვეყნისთვის სასიცოცხლო ფუნქციების მოშლას და ალტერნატიული ძალაუფლების მქონე სტრუქტურების გაჩენას იწვევს. სახელმწიფოების მოწყვლადობის ძირეული მიზეზების გააზრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეფექტური და ქმედითუნარიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, ვინაიდან უზრუნველყოფს მყიფე სახელმწიფოების მსხვრევადობის თავიდან აცილებასა და მდგრადობის შენარჩუნებას. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სახელმწიფოების დაშლის პროცესს, არის კომპლექსური და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საერთაშორისო ძალისხმევაც უნდა იყოს ერთიანი და მსხვრევადი სახელმწიფოების განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული. გლობალიზაციის პირობებში, საერთაშორისო უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია თითოეული სახელმწიფოს სტაბილურობასთან. აქედან გამომდინარე, არშემდგარი ქვეყნების ნეგატიური გავლენა აისახება სხვა სახელმწიფოებზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთობლივი სტრატეგიების აუცილებლობას, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.