აშშ-ირანის ურთიერთობების განვითარების დინამიკა - მოკავშირეობიდან მტრობამდე

Main Article Content

იოსებ ტურაშვილი

ანოტაცია

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ აშშ-ირანს შორის ურთიერთობები ცხელ ფაზაში შედის. იმავე წელს, ირანელი სტუდენტების მიერ ამერიკის საელჩოზე თავდასხმის განახორციელების შემდეგ, როდესაც მოხდა საელჩოს თანამშრომლების ტყვედ აყვანა, 1980 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. ამ თარიღის შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. თუმცა, 1979 წლამდე ამ ორ ქვეყანას აშკარად განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა. ამერიკისთვის ირანი წარმოადგენდა ერთ-ერთ სერიოზულ დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში „სტაბილურობის კუნძულს“ და „ყურის ჟანდარმსაც“ კი უწოდებდნენ, რაც მეტყველებს აშშ-სა და ირანის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ერთმანეთისათვის. ისლამურ რევოლუციამდე, ამერიკისთვის ირანი იყო საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გავრცელების შემაკავებელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასევე ირანი იყო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მთავარი მოკავშირის - ისრაელის მოწინააღმდეგე ბანაკში გაერთიანებული არაბული ქვეყნების დამაბალანსებელი რეგიონში.


უნდა აღინიშნოს, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, მსოფლიოში ირანი იყო ტერორიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. ანტი-ამერიკულად და ანტი-ისრაელურად განწყობილ ტერორისტულ ორგანიზაციებს ირანი წლების განმავლობაში აიარაღებდა, აფინანსებდა, წვრთნიდა და სხვა-დასხვა დახმარებას უწევდა. ამ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, შედის ჰეზბოლა, პალესტინის ისლამური ჯიჰადი, ჰამასი და ა.შ.ოთხ ათწლეულზე მეტია ირანის ისლამური რესპუბლიკა დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს საერთაშორის საზოგადოებას. ერთი მხრივ, ირანის რეჟიმის რადიკალურმა ისლამისტურმა იდეოლოგიამ, ტერორიზმისა და რეგიონული დივერსიის მხარდაჭერამ, ხოლო, მეორე მხრივ კი, უკანონო ბირთვული იარაღის პოტენციალის ძიებამ, ის სახიფათო რევიზიონისტულ ძალად აქცია, რამაც განაპირობა აშშ-ირანს შორის დაპირისპირება და მტრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.


მეთოდოლოგიურად ნაშრომი თვისებრივი კვლევების კატეგორიაში მოიაზრება და კვლევაზე მუშაობის პროცესში მონაცემთა შეგროვებისათვის გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის სხვადასხვა ტექნიკები.


ნაშრომი ეყრდნობა საერთაშორისო ურთიერთობების დომინანტური და გავლენიანი თეორიების დაშვებებს და ვარაუდებს, კერძოდ ნეოკლასიკურ რეალიზმსა და ჰოლისტურ კონსტრუქტივიზმს.


კვლევამ აჩვენა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა განპირობებულია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლის სურვილით, რაც განაპირობებს აშშ-ირანს შორის მტრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე, აშშ-ს მიერ იყო მხარდაჭერილი, რევოლუციის შემდეგ გარდაიქმნა საფრთხედ ამერიკის პოლიტიკური ელიტების აღქმებში. კონსტუქტივიზმის ჭრილში, სწორედ ქვეყნებს შორის იდენტობის, აღქმების ცვლილებამ გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება და საგარეო პოლიტიკური კურსის ტრანსფორმაცია. ნეოკლასიკური რეალიზმი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოს ქმედება შეიძლება აიხსნას: სისტემური ცვლადების ჩარევით - როგორიცაა ქვეყნებში ძალაუფლების განაწილება; კოგნიტური/შემეცნებითი ცვლადებით - როგორიცაა სახელმწიფოს აღქმისა და პროგნოზის სიზუსტე სხვა სახელმწიფოს განზრახვასთან და სავარაუდო საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით; შიდა ცვლადებით - მაგალითად, როგორიცაა ლიდერთა აღქმები, სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები; მმართველი ელიტები, რომლებიც გავლენას ახდენენ საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღების ძალაუფლებასა და მოქმედების თავისუფლებაზე. ნეოკლასიკური რეალიზმის მიხედვით, სახელმწიფოების შორის არსებულმა უნდობლობამ და ერთმანეთის სწორად აღქმის შეუძლებლობამ, ნაკლებმა უნარმა ან სახელმწიფო ლიდერების უუნარობამ, მოახდინონ სახელმწიფო ძალაუფლების მობილიზება და საზოგადოების მხარდაჭერა, შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი ან ზედმეტი დაბალანსება, რასაც საერთაშორისო სისტემაში დისბალანსი, დიდი სახელმწიფოების აღზევება, დაცემა და ომი მოჰყვება.

საკვანძო სიტყვები:
ირანის ბირთვული პროგრამა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ისლამური რევოლუცია, კონსტრუქტივიზმი, ნეოკლასიკური რეალიზმი
გამოქვეყნებული: Dec 16, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles