საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე
Main Article Content
ანოტაცია
აღნიშნული ნაშრომი ეხება იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს წინაშე გაჩნდა არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყნის უნიკალურმა გეოგრაფიულმმა მდებარეობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი. საქართველო უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა ცივილიზაციათა ურთიერთგადაკვეთის ადგილს. შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული ეს ტერიტორია ყოველთვის იყო მსოფლიო იმპერიათა ინტერესის საგანი. ვის აღარ გაუვლია ქართულ მიწაზე: ასურელებს, ურარტუელებს, ბერძნებს, რომაელებს და ა.შ. საქართველო ხან როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ხანაც რომელიმე იმპერიის განაპირა პერიფერია, ყოველთვის იღებდა აქტიურ ან პასიურ მონაწილეობას მსოფლიო ომებსა თუ დაპირისპირებებში. იმპერიები აღარ არსებობენ, ქართველი ერი კი გადარჩა და ავად თუ კარგად კვლავაც აგრძელებს ცხოვრებას.
ერთ-ერთი მიზეზი ქართული სახელმწიფოს გადარჩენისა, ჩვენი აზრით, არის ის, რომ იმპერიებთან ურთიერთობამ ქართულ მმართველ ელიტებს და მთლიანად ერსაც გამოუმუშავა გარკვეული იმუნიტეტი, ლავირების უნარი მეზობელ დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობის კუთხით. ილიას სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ქართველმა კარგად იცოდა თუ როდის უნდა სჭეროდა ხმალი და როდის უნდა ეხმარა გუთანი. ქვეყნის და მთლიანად ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის მიზნით, ჩვენი პოლიტიკური ელიტები ხშირად მიდიოდნენ გარკვეულ კომპრომისებზე, დათმობებზე და თუ საჭირო იყო ბრძოლის ველზე სასტიკ შეტაკებებსაც არ ერიდებოდნენ. ჩვენი აზრით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი გადარჩენისა არსებულ გეოგრაფიულ გარემოში. ისტორიული მაგალითები უამრავია, რომლებზეც აღარ შევჩერდებით.