ემოციური ინტელექტის, პერფექციონიზმისა და შფოთვის ურთიერთკავშირი

Main Article Content

ნინო გელაშვილი

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ემოციური ინტელექტის, პერფექციონიზმისა და შფოთვის ურთიერთკავშირის დადგენას, შესაბამისი კვლევის ჩატარებით და საკითხის გაანალიზებით. ნაშრომში მოცემულია ემოციური ინტელექტის, პერფექციონიზმის და შფოთვის ცნებების განმარტებები; საუბარია მათ როლზე ადამიანის ცხოვრებასა და განსაკუთრებით, პროფესიულ კარიერაში; მათზე გავლენის მქონე ფაქტორებსა და მათ შორის კავშირის განსაზღვრაზე და ა.შ.
ემოციური ინტელექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გვაქვს სხვადასხვა სტრესულ სიტუაციებთან და ცვლილებებთან. მსგავსი სიტუაციების დროს, პერფექციონისტები განუ-წყვეტლივ განიცდიან დაძაბულობის გრძნობას და ამის მიუხედავად, მაინც მიისწრაფვიან ძნელად მიღწევადი ან მიუღწეველი მიზნებისკენ. ისინი თავიანთ თვითშეფასებას აფასებენ პროდუქტულობითა და მიღწევებით. თანაგრძნობა, სხვისი გრძნობების გაგებისა და გაზიარების უნარი ემოციური ინტე-ლექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პერფექციონისტების ინტენსიურმა ფოკუსირებამ საკუთარ მიღწევებსა და ნაკლოვანებებზე შეიძლება შეაფერხოს მათი თანაგრძნობის უნარი.
ასევე, პერფექციონისტები მიდრეკილნი არიან საკუთარი თავისათვის არარეალურად მაღა-ლი სტანდარტების დაწესებისაკენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული თვითკრიტიკა და უკმ-აყოფილება. მუდმივი სწრაფვა უნაკლოებისაკენ ანადგურებს მათ ემოციურ კეთილდღეობას. იმის ნაცვლად, რომ აღიარონ და მიიღონ თავიანთი ემოციები, პერფექციონისტები ხშირად უარყოფენ ან თრგუნავენ მათ, რათა თავიდან აიცილონ არასრულყოფილების შეგრძნებით გამოწვეული დისკომფორტი.
პერფექციონისტები, ხშირად, საკუთარ თავზე ზეწოლას ახდენენ არარეალური მიზნების მისაღწევად, რაც უმეტესად იმედგაცრუებას და შფოთვას იწვევს.
თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი, გარკვეულწილად, ყოვე-ლდღიურად განიცდის შფოთვას. მაგრამ ისეთი შფოთვა, რომელიც გადაჭარბებულია, აღემატება ინდი-ვიდის რესურსებს და მასთან გამკლავება ხდება შეუძლებელი, გარდაიქმნება პრობლემად, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს ინდივიდის ქმედითუნარიანობა.
აღნიშნული თემების ირგვლივ, გაჩენილი ინტერესიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევის მიზანია ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის, პერფექციონიზმისა და პიროვნული შფოთვის ურთიერთკავშირის დადგენა. კვლევა რაოდენობრივი ხასიათისაა და გამოყენებულ იქნა კორელაციური მეთოდი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 111-მა ადამიანმა, ხოლო მათი ასაკი 19-დან 55 წლამდე ვარირებდა.
კვლევამ აჩვენა, რომ არაადაპტური პერფექციონიზმი დადებით კორელაციაში იყო პიროვნულ შფოთვასთან, ხოლო უარყოფით კორელაციაში იყო ემოციური ინეტელექტის როგორც გლობალურ მაჩვენებელთან, ასევე მის ოთხივე ფაქტორთან. ადაპტურ პერფექციონიზმს არ ჰქონდა სანდო კორე-ლაციური კავშირი პიროვნულ შფოთვასთან და ემოციური ინტელექტის ემოციურობის ფაქტორთან. ასევე, კვლევამ დაადასტურა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც პიროვნული შფოთვა ნეგატიურ კორელაციაშია ემოციური ინტელექტის როგორც გლობალურ მაჩვენებლთან, ისე მის ცალკეულ ოთხ ფაქტორთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ემოციური ინტელექტის მხოლოდ ორი ფაქტორი (თვითკონტროლი, კარგად ყოფნა) წინასწარმეტყველებდა უარყოფითად პიროვნულ შფოთვას. პერფექციონიზმის არაადაპტური ფაქტორი კი დადებითად წინასწარმეტყველებდა პიროვნულ შფოთვას.

საკვანძო სიტყვები:
ემოციური ინტელექტი, პერფექციონიზმი, შფოთვა, კორელაცია, ემოცია, კონტროლი.
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles