უკრაინის ეკონომიკური თავდაცვა მიმდინარე ომის პირობებში
Main Article Content
ანოტაცია
ტოტალური თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ეკონომიკური თავდაცვა, რომელიც გულისხმობს მთავრობის, ბიზნესის და ინდუსტრიის ორგანიზებას ეკონომიკის მხარდასაჭერად ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ომისა ან ომის საფრთხის პირობებში. მოცემულ სტატიაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა უკრაინის ეკონომიკაზე და მიმდინარე ომის პირობებში უკრაინის გამოცდილება ეკონომიკური თავდაცვის ორგანიზების და მართვის საკითხებში. რუსეთის შეჭრით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ევროპაში, რომელმაც საშინელ ადამიანურ ტანჯვასთან ერთად, უდიდესი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის შეჭრამ გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა, რომელიც, 2022 წლის მონაცემებით, 29,2%-ით შემცირდა. საწარმოთა მესამედმა მაშინვე შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც გამოწვეული იყო საწარმოო ობიექტების და ინფრასტრუქტურის განადგურებით, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით და წარმოების ხარჯების მკვეთრი ზრდით. ბრძოლების გამო, მილიონობით ადამიანი იქცა დევნილად, შეწყდა წვდომა ქვეყნის პორტებზე, შეფერხდა სოფლის მეურნეობა და გაიზარდა თავდაცვის ხარჯები. ძალიან მძიმე პერიოდის მიუხედავად, უკრაინელმა ხალხმა და ბიზნესმა გამოავლინეს უბადლო უნარი, გაუძლონ მტერს და, ამასთანავე, მოერგონ ახალ გარემოს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო დახმარების გარეშე, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური, უკრაინა ვერ გააგრძელებდა სამხედრო ოპერაციებს, ვერ დაუჭერდა მხარს ძირითად სამსახურებს და ვერ შეასრულებდა თავის საგარეო ვალდებულებებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის მთავრობის ახალი პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, გარე დაფინანსების კატალიზება და სტრუქტურული პოლიტიკის ჩარჩოს შექმნა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ომის შემდგომ აღდგენას, რეკონსტრუქციას და საბოლოო გაწევრიანებას ევროკავშირში.