ტექნოლოგიების როლი საველე არტილერიის განვითარებაში
Main Article Content
ანოტაცია
არტილერიის განვითარების სრულმა ენციკლოპედიამ შესაძლოა მრავალტომეულები მოიცვას. მისი განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მეცნიერების, გამომგონებლებისა და თეორეტიკოსების დიდი გუნდის საკმაოდ შრომატევადი მუშაობის შედეგია. არტილერიის განვითარებაში ასეულობით წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მრავალი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცნება ,,არტილერია“ შეიცავს ჩატარებული მუშაობის შედეგებს, რომლებიც ეხება: მასალათმცოდნეობას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ბალისტიკას, ქვემეხების წარმოების ტექნოლოგიების დარგში ჩატარებული სამუშაოების შედეგებს, აგრეთვე არტილერიის გამოყენების სტრატეგიასა და ტაქტიკის საკითხების შემუშავებას, პერსონალის სწავლებასა და შეიარაღებული ძალების ორგანიზებას.
შორეულ წარსულში წარმოებულმა თვდასხმებმა და შეტაკებებმა გვიჩვენა, რომ შორი მანძილიდან განხორციელებულ დარტყმებს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. აქედან გაჩნდა საყოველთაო იდეა, რომელიც მოკვლის ან დასახიჩრების მიზნით ერთმანეთისათვის სხვადასხვა საგნების შორი მანძილიდან სროლას ეხება. არტილერიის განვითარების გზა რამოდენიმე ეტაპს მოიცავს, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებას პარალელურად მიუყვებოდა.
საბრძოლო მოქმედებების თავისებურებების ანალიზი აჩვენებს, რომ შემდგომ კონფლიქტებში არტილერიის როლი კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყნების უმრავლესობა არტილერიას კვლავ განიხილავს, როგორც საცეცხლე თავდასხმის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, რომლის გამოყენება არ არის დამოკიდებული ამინდზე, დღის მონაკვეთსა და რელიეფზე.
არტილერია - სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი უძველესი და ძირითადი გვარეობაა, ის თანამედროვე შეიარაღებული ძალების ძირითად დამრტყმელ ბირთვს წარმოადგენს. არტილერიას გააჩნია მრავალფეროვანი კლასიფიკაცია თავისი საბრძოლო დანიშნულების, შეიარაღების ტიპებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით. არტილერია წარმოადგენს საარტილერიო შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, რომლებიც ორგანიზაციულად შედიან ოპერატიული გაერთიანების, საერთო საჯარისო შენაერთის, ნაწილებისა და ქვედანაყოფების შემადგენლობაში ან უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვში. არტილერიას განასხვავებენ, როგორც სახმელეთო ჯარების არტილერიას, ისე საზღვაო არტილერიას. სახმელეთო არტილერია იყოფა: საბრძოლო თვისებების მიხედვით – საზარბაზნე, საჰაუბიცო, რეაქტიულ, ტანკსაწინააღმდეგო, სამთო და ნაღმსატყორცნო არტილერიად; გადაადგილების ხერხების მიხედვით – თვითმავალ, ბუქსირებად, გადასატან, სარკინიგზო, სასაპალნე და სტაციონარულ არტილერიად. საარტილერიო სისტემათა კონსტრუქციების თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ კუთხვილლულიან, გლუვლულიან, არაუკუმგორავ, რეაქტიულ, საკაზემატო და უნივერსალურ არტილერიას.1
არტილერიის შეიარაღებაში არის სხვადასხვა კალიბრის ზარბაზნები, ჰაუბიცები, ზარბაზან-ჰაუბიცები და ჰაუბიცა-ზარბაზნები, ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საბრძოლო მანქანები.