წამებისა (სსკ-ის 1441) და განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების (სსკ-ის 335) გამიჯვნის პრობლემატიკა თეორიასა და ქართულ პრაქტიკაში
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის ძირითადი უფლებების, თავისუფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვასა და რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას. საქართველომ ამ მხრივ პროგრესული ნაბიჯი გადადგა და იკისრა შესაბამის საერთაშორისო ნორმებთან საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება, რამაც შემდგომში უკვე საშუალება მოგვცა, ახლებურად გაგვეაზრებინა სამამულო კრიმინოლოგიის ცალკეული მეცნიერული დებულებანი, შეგვეცვალა თანამედროვე სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტები და ყოველივე ეს მოგვერგო იმ გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც დგას დღეს ქართული სისხლის სამართალი. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონით დაცული ღირებულებების ჩამონათვალში პირველ ადგილზე სწორედ ადამიანის უფლებები თუ თავისუფლებები დგას, ხოლო პიროვნების წინაააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები კოდექსის კერძო ნაწილშია წარმოჩენილი.
ქართულმა სისხლისსამართლებრივმა კანონმდებლობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და 2005 წლის 23 ივნისისთვის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა წამების მუხლი (1441), რომელიც კოდექსის ძველი რედაქციით ექცეოდა სსკ-ის 126-ე მუხლის რეგულირების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ნოვაციამ ერთის მხრივ ხელი შეუწყო საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცის პროცესს, მეორე მხრივ წარმოშვა გარკვეული სახის პრობლემებიც, რამაც პრაქტიკაში ძირითადად გამოვლინება ჰპოვა დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხში.
აღნიშნული ნოვაციის შემდეგ დოქტრინასა და პრაქტიკაში გაჩნდა მთავარი კითხვა - თუ როგორ უნდა მოხდეს იმ მოხელის ქმედების შეფასება, რომელმაც წამება ან მისი მუქარა გამოიყენა ჩვენების მიცემისთვის.
საკითხის აქტუალურობისა და მწვავე პრობლემატიკის გათვალისწინებთ, წინამდებარე ნაშრომის მთავარ ამოცანაა წამებისა და სამოხელეო დანაშაულის (სსკ-ის 335-ე მუხლი) ინსტიტუტებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემის განხილვა, რისთვისაც, უპირველესად, შემოთავაზებული იქნება აღნიშნული თემის სისტემური კვლევა.
გარდა ამისა, სტატიის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზს, როგორიცაა ამ ორი ნორმის ურთიერთმიმართების, მათი გამოყენების საკითხი დოქტრინასა და ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, რომლის უკეთ გასაანალიზებლად მოშველიებული იქნება ქართული სასამართლო პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითები და სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობები, რომელთა ანალიზი ცხადჰყოფს იმ სამართლებრივ შედეგს, რაც კანონში არსებულ ამ ,,ბზარებს’’ მოჰყვა.
ნაშრომის დასასრულს კი საუბარი იქნება კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელთა სამომავლო საკანონმდებლო რეგულირება თავიდან აგვაცილებდა პრაქტიკაში ,,გაუგებრობებს’’ და ხელს შეუწყობდა ჯანსაღი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.